შაბათს, „ვილიარეალთან“ კონტრაქტის გაფორმების წინ, გიორგი მიქაუტაზე თანაგუნდელებს აცრემლებული დაემშვიდობა, - წერს ფრანგული გამოცემა RMC Sport News (ყოფილი BFM Sport) და დასძენს, რომ ტრანსფერი მისი ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა და მან ლიონის „ოლიმპიკის“ ხაზინას, სავარაუდოდ, 30 მილიონი ევრო შემატა.
RMC Sport News წერს, რომ დღეს შუადღისას, გიორგი მიქაუტაძე ვალენსიაში გაემგზავრა სამედიცინო შემოწმების გასავლელად და „ვილიარეალთან“ ხუთწლიანი ( კონტრაქტის (ზოგიერთი წყარო ექვსწლიან კონტრაქტს ახსენებს - „აიპრესი“) გასაფორმებლად. გულშემატკივრებმა გადაიღეს, თუ როგორ ტოვებდა ლიონის სავარჯიშო ბაზას ცრემლიანი თვალებით და როგორ ემშვიდობებოდა გუნდს ქართველი თავდამსხმელი.
ივლისში ადმინისტრაციული პრობლემის გამო გავარდნას გადარჩენილი „ოლიმპიკი“ ლიონი კრიტიკული ფინანსურ მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდა და იძულებულია გუნდის წევრთა გამორჩეულ ნაწილზე თქვას უარი, გიორგი მიქაუტაძის გარდა ბოლო პერიოდში გუნდიდან წავიდნენ საელ კუმბედი („ვოლფსბურგი“), ალექსანდრე ლაკაზეტი (ნეომი), რაიან ჩერკის („მანჩესტერ სიტი“), საიდ ბენრაჰმას („ნეომი“), ჟორდან ვერეტუს („ალ არაბი“), ამინ სარის („ჰელას ვერონა“), იოჰან ლეპენანის („ნანტი“), ადრიელსონის („ალ ვასლი“) და ლუკას პერი („ლიდსი“) წასვლა.
კლუბს, რომელსაც ამჟამად პრეზიდენტი მიშელ კანგი (და გენერალური მენეჯერი მიხაელ გერლინგერი) მართავს, დამატებით 40 მილიონი ევროს მოძიება მოუწია. ამრიგად, მიქაუტაძის გაყიდვა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე „ოლიმპიკ ლიონს“ საშუალებას აძლევს, გასული სეზონის ბოლოს DNCG-სთვის (ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია საფრანგეთში პროფესიული ასოციაციების საფეხბურთო კლუბების ანგარიშების მონიტორინგსა და ზედამხედველობაზე. - „აიპრესი“) მიცემული ფინანსური დაპირებების შესრულებას მიუახლოვდეს.
ესპანეთის კასტელონის პროვინციის საფეხბურთო კლუბი „ვილიარეალი“ (მეტსახელი ყვითელი წყალქვეშა ნავი) 1923 წელს დაარსდა. უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში („ლა ლიგა“, იგივე „პრიმერა დივიზიონი") პირველად 1998 წელს გადავიდა და იმავე წელს გავარდა. ერთი წლის შემდეგ გუნდი ისევ დაუბრუნდა „ლა ლიგას“. 2012 წელს გუნდი კვლავ გავარდა უმაღლესი დივიზიონიდან და ერთი წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდა და მას შემდეგ უცვლელად თამაშობს ესპანური გრანდების გვერდით.
„ვილიარეალის“ საუკეთესო შედეგი „ლა ლიგაში“ 2004-2005 წლის სეზონზე დაკავებული მესამე ადგილია. შარშან გუნდმა ასპარეზობა მე-5 ადგილზე დაასრულა.
„ვილიარეალი“ 2020-2021 წლის უეფას ევროპა ლიგის გათამაშების გამარჯვებულია. ფინალში მან ფრედ დასრულებული ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ ზედიზედ 11 პენალტი გაიტანა „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში, ამ უკანასკნელს კი მე-11 დარტყმა გაუფუჭდა.
„ვილიარეალი“ ასევე არის უეფას ინტერტოტოს გათამაშების ორგზის (2003 და 2004 წლებში) გამარჯვებული.
„ვილიარელი“ საშინაო თამაშებს 23000 მაყურებლის ტევადობის „ესტადიო დე ლა კერამიკაზე“ მართავს. სხვადასხვა დროს „ვილიაერელში“ თამაშობდნენ ურუგვაელი დიეგო ფორლანი, არგენტინელი ხუან რომან რიკელმე, ესპანელები ჟერარ მორენო და ვიქტორი და სხვები
„ლა ლიგის“ მიმდინარე სეზონში „ვილიარეალს“ ორი ტურის შემდეგ ორი გამარჯვებით (ბურთების სხვაობა 7:0) პირველი ადგილი უკავია.