მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.

მისი თქმით, "კლინიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონელი კოლეგები. ეს იყო ექიმი ნეიროქირურგი და მეორე, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, ასევე ტოქსიკოლოგი. შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ, კოლეგები ძალიან კმაყოფილი ვართ, კოლეგიალური და  საგნობრივი შეხვედრა იყო. ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის მიმდინარე მდგომარეობა, ჩატარებული წინა კვლევები.

იყო კეთილგანწყობილი შეხვედრა, განსხვავებით წინა ექსპერტებისგან, რომლებიც ჩამოდიოდნენ და საერთოდ კომუნიკაცია არ ჰქონდათ. არა მარტო უცხოელი ექსპერტები იყვნენ წინათ, თუნდაც იგივე ქართველი ექსპერტები, რომლებსაც, ფაქტობრივად, არ ჰქონიათ კომუნიკაცია ჩვენი კლინიკის ექიმებთან. 

რაც შეეხება მიმდინარე მკურნალობას, მე მხოლოდ ზოგადად შემიძლია, გითხრათ, რომ ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს და სხვა დანარჩენ დეტალებზე ალბათ თვითონ გააკეთებენ განცხადებას.

დამატებით კვლევებს, რაც ჩვენ ჩატარებული გვაქვს, სრულად დაეთანხმნენ. ის, რაც თვითონ რეკომენდაციის სახით მოგვცეს, ჩვენ ეს რეკომენდაცია გვქონდა პაციენტისთვის, მაგრამ პაციენტი მაშინ უარს აცხადებდა იმ კვლევის ჩატარებაზე. თუნდაც ხერხემლის პუნქციის ჩატარება, რომელზედაც პაციენტმა არაერთხელ განაცხადა უარი. მათაც ეს შესთავაზეს. სხვა დანარჩენი, მაგალითად კვებასთან დაკავშირებული საკითხები, ეს ყველაფერი იყო ჩვენი საერთო აზრი და საერთო გადაწყვეტილება, რის შესახებაც ისინი ესაუბრნენ პაციენტს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის წონაში მატებას, რა თქმა უნდა, არის წონაში მატება. მომატებულია წონაში, ჩვენ ეს ძალიან გვახარებს და, მგონი, პაციენტსაც უნდა ახარებდეს და მის გარემოცვასაც. წონაში მატება არანაირად არ არის განმსაზღვრელი სადმე გადაყვანის. რა თქმა უნდა, საყურადღებოა მისი მდგომარეობა, თუნდაც ამ ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან, თუმცა ყველა პარამეტრი არის სტაბილური" - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ