თბილისის საკრებულოს სხდომაზე „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ახალი ქვეპროგრამის ამოქმედებას დაუჭირეს მხარი.
როგორც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ახალი ქვეპროგრამა დედაქალაქის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამა-ქვეპროგრამების ნუსხას ემატება და მისი დაფინანსება 300,0 ათასი ლარით განისაზღვრება.
„ახალ ქვეპროგრამაზე, რომლის ამოქმედებასაც დღეს დავუჭირეთ მხარი, დედაქალაქის მერმა რამდენიმე კვირის წინ ვრცლად ისაუბრა. ამ ქვეპროგრამის ამოქმედება ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შეუმსუბუქებს იმ დაავადებასთან ბრძოლას, რომელსაც რევმატოიდული ართრიტი ჰქვია. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ამ დაავადების მქონე პაციენტებისათვის ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას მოიცავს.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ამ პროგრამის შემუშავებაში მიიღეს მონაწილეობა, მადლობა კომისიის წევრებს, რომელთა რეკომენდაციებით ამ პროგრამამ სრულყოფილი სახე მიიღო. ეს დაავადება დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული, დღეს მიღებული წესი კი მთლიანად განსაზღვრავს იმ ფორმატს, რომლითაც ჩვენი თანამოქალაქეები უნდა განიკურნონ“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ზურაბ ჩიკვილაძემ.
რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური, ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სახსრების პროგრესირებად, შეუქცევად დაზიანებას და ქმედუუნარობის განვითარებას იწვევს.
საერთაშორისო რეკომენდაციების (EULAR, ACR) თანახმად, მკურნალობა დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატული საშუალებებით იწყება, თუმცა გარკვეული შემთხვევების დროს ეს თერაპია არ არის ეფექტიანი. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ბიოლოგიური მედიკამენტების ჩართვაა რეკომენდებული, რაც დაავადების პროგრესირებას ამცირებს და პაციენტის ფუნქციურ მდგომარეობას აუმჯობესებს.
„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების ქვეპროგრამა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირებისთვის სწორედ ასეთი მედიკამენტის მიწოდებას უზრუნველყოფს.