სამგორის რაიონში, უძოს ქუჩის N24-N26-ის მიმდებარედ ფერდის გამაგრება ხორციელდება. 5 100  კვ.მ ფართობზე, უსაფრთხოების მიზნით, დამცავი ბადე ეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„უძოს ქუჩაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იყო მძიმე მდგომარეობა. ტერიტორია, როგორც ფერდის ქვემოთ, ისე ზემოთ მცხოვრები ოჯახებისთვის, საფრთხეს წარმოადგენდა. დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ფერდის დატერასება ხდება. შედეგად, ეს მონაკვეთი აბსოლუტურად უსაფრთხო გახდება. აღნიშნულ ქუჩაზე უკვე გვაქვს ჩატარებული მსგავსი ტიპის სამუშაოები. არსებულ ფერდებს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, გავატარეთ პრევენციული ღონისძიებები და დღეს საფრთხე სრულად მოხსნილია. იგივე იქნება ამ კონკრეტულ ლოკაციაზეც“, - განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტისთვის, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 421 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და პარლამენტის დელეგატი დეპუტატი ვარლამ ლიპარტელიანი გაეცნენ.