ვაკის რაიონის გამგეობამ ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ში სკვერი და სპორტული მოედანი განაახლა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სპორტული მოედნის გარდა, ადგილზე განთავსდა საბავშვო მოედანი და ფიტნეს ზონა.
მისივე თქმით, სამუშაოების დასკვნით ეტაპზე სკვერის ტერიტორია გამწვანდა. პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 400 000 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, მერის ინფორმაციით, სკვერი განახლდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა ჭავჭავაძის N43-შიც.
„სკვერში განთავსდა საბავშვო-გასართობი მოედანი, მოსასვენებელი პავილიონი, ასევე, მოეწყო ფიტნეს ზონა და გრუნტის დამჭერი კედელი, განახლდა სარწყავი სისტემა, პროექტის დასკვნით ეტაპზე კი, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვაკის გამგეობის მიერ ჩატარებულ კიდევ ერთ სამუშაოზეც ისაუბრა. მისი თქმით, სკვერის რეაბილიტაცია აბაშიძის ქუჩის N22-შიც განახორციელა.
„სამუშაოებისას მოეწყო ბავშვთა-გასართობი ზონა, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ავეჯი, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები. პროექტის დასკვნით ეტაპზე, სკვერი გამწვანდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.









