ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუნიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის სტუდენტები ბექა შავლიაშვილი და ნანა კოკოჩაშვილი ახალგაზრდა პარლამენტარების რანგში მონრეალში (კანადა) ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
თსუ ფრანგული ფილოლოგიის სტუდენტები საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს სახელით მონაწილეობას იღებენ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 49-ე ყოველწლიურ სესიაში, რომელიც 8 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა. სესიას ესწრებიან 13 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და 350 დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან.
პლენარული სესიის გენერალური დებატების მთავარ თემას „ხელოვნური ინტელექტი და პარლამენტარიზმი“ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ორი ქართველი ახალგაზრდა წელს პირველად იღებს მონაწილეობას ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობაში. თსუ ფრანგული ფილოლოგიის სტუდენტის ბექა შავლიაშვილის თქმით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობით მათ ეძლევათ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის, მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის ფრანკოფონ სტუდენტებთან კავშირების დამყარებისა და იდეების გაზიარების შესაძლებლობა.