ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპიუტერული თამაშების ფესტივალი „თბილისი დიჯიტალ არენა“, რომლის მთავარი ფოკუსი იყო კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ თსუ-ს სტუდენტური კლუბი “ინოვაციური ტექნოლოგიების კლუბი” და მისი პარტნიორი გეიმიგ სტუდიო “რევოლტ ინტერთაიმენთი”.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საქართველოში კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის პოპულარიზაცია და განვითარება. სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება: გეიმჯემი, სადაც 48 საათის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდა 33 გუნდი, ხოლო საბოლო პროტოტიპის შექმნა შეძლო 17-მა გუნდმა, გაიმართა ი-სპორტის შიდა საუნივერსიტეტო შეჯიბრები Fifa-სა და Mobile legend-ში, მოეწყო ქართული გეიმინგ სტუდიების შოურუმი, ქოსფლეის შეჯიბრი.
ღონისძიებაზე, ქართველმა და პოლონელმა ექსპერტებმა წაიკითხეს საინტერესო ლექციები და სემინარები კომპიუტერული თამაშების შექმნის თემატიკასთან დაკავშირებით; მოეწყო სხვადასხვა ტიპის აქტივობები: რეტრო გეიმინგი, სამაგიდო თამაშები, ქართული ინდი ფილმების ჩვენება და სხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.
„თბილისი დიჯითალ არენას“ დასკვნითი დღე დაეთმო გამარჯვებული გუნდებისა და მონაწილეების გამოვლენას და დაჯილდოების ცერემონიას.
ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ თსუ, კოინმანია (ქართული კრიპტო ექსჩეინჯი), ზუმერი და პოლონური Digital dragons (ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი გეიმინგ კონფერენციის ორგანიზატორები), რომლებმაც პირველ ადგილზე გასულ გუნდს ჰაკათონში პრიზად გადასცეს ბილეთები მათ ღონისძიებაზე.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა დღევანდელ მსოფლიოში. იგი მეორე ადგილზეა მედია ინდუსტრიებში, 300 მილიარდამდე ბაზრის მოცულობით და ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპით. ორგანიზატორების განცხადებით, „თბილისი დიჯიტალ არენა” აქტიურად იზრუნებს საქართველოში კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის განვითარებაზე.