საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა და ამ მიმართულებით ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა იყო ის მთავარი თემა, რომლის შესახებაც დღეს ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ახალ ფორმატში გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომლის გამოყენებასაც ადმინისტრაცია 29 აპრილის არჩევნებზე გეგმავს. მან ასევე ისაუბრა სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობაზე და მადლიერება გამოხატა საერთაშორისო ორგანიზაციების მზაობაზე დააკვირდნენ აღნიშნულ არჩევნებს, რომელიც თავის მხრივ 2024 წლის საერთო არჩევნებისთვის ერთგვარ ტესტს წარმოადგენს.
„არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ ვცდილობთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციამ 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის განახორციელა, ეს თავისთავად გულისხმობს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებას. ჩვენ გვაქვს შანსი აღნიშნულ არჩევნებზე პრაქტიკაში დავაკვირდეთ ყველა კომპონენტს და შევისწავლოთ ტექნოლოგიების ინტერვენციის ძლიერი და სუსტი მხარეები. აღნიშნული, თავის მხრივ, იქნება მნიშვნელოვანი გამოცდილება 2024 წელს დაგეგმილი პარლამენტის არჩევნებისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ გამოწვევების შესახებ, რომელიც პროცესს ახლავს თან. ჩართული მხარეების ინფორმირება, მათი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გაზიარება საარჩევნო პროცესის სწორად და გამჭვირვალედ წარმართვას უწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრის მეორე ნაწილი ტექნოლოგიების დემონსტრირებას დაეთმო. ცესკოს ელექტრონული ტექნოლოგიების პროექტის მენეჯერმა გიორგი სტურუამ მონაწილეებს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, განხორციელდა შედეგების გადაცემის დემონსტრირება, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შედეგების პირდაპირ ცესკოში პლანშეტების მეშვეობით გადაგზავნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროცედურა, ამ არჩევნებზე სიახლის სახით პირველად იქნება პილოტირებული. შეხვედრის მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ კენჭისყრაში.