ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს შეხვდა. ცესკოს თავმჯდომარემ გერმანიის ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო და საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევების და საჭიროებების შესახებ ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა ელჩს ინფორმაცია საარჩევნო რეფორმასთან და საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებითაც მიაწოდა.
გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა როგორც 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების, ისე 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების შესახებ. მან აღნიშნა, რომ 29 აპრილის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული და შესაბამისად, ამ პროცესში დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა, მათი მოსაზრებების და რეკომენდაციების გაცნობა არსებითად მნიშვნელოვანი იქნება. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, მაღალ პროფესიულ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართოს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერების მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობების, მათ შორის ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმების შესახებაც.
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.