ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა, ამ მიმართულებით არსებული საჭიროებები და გამოწვევები, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ინსტიტუციური გაძლიერება და საარჩევნო რეფორმის აღსრულება იყო.
გიორგი კალანდარიშვილმა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ის წვლილი, რაც გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოში საარჩევნო პროცესების განვითარებაში აქვს თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მან ასევე დეტალურად ისაუბრა როგორც 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, ისე 2024 წელს დაგეგმილი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადებისა და სიახლეების შესახებ. მისი თქმით, 29 აპრილის არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება, რადგან საარჩევნო ადმინისტრაცია ასეთი დიდი მასშტაბით ტექნოლოგიებს პირველად იყენებს და შესაძლებელი იქნება ყველა კომპონენტზე პრაქტიკაში დაკვირვება და შესწავლა.
აღნიშნული კი ხელს შეუწყობს 2024 წელს გასამართი არჩევნებისთვის მზადების პროცესს და მისცემს ადმინისტრაციას შესაძლებლობას, სხვადასხვა ჩართულ მხარესთან თანამშრომლობით, სწორად განსაზღვროს, დაგეგმოს და განახორციელოს საქმიანობები და კიდევ უფრო მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატაროს მორიგი არჩევნები. საუბარი ამავდროულად შეეხო ამომრჩევლის ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების საკითხებს.
გიორგი კალანდარიშვილისა და საბინე მახლის შეხვედრა დღეს გაეროს წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა.