ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამების ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას შეხვდა. შეხვედრა ცესკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი რენატა ლევოვსკი და მოადგილე დავით ღონღაძე.
შეხვედრის ძირითადი თემა საარჩევნო რეფორმასთან და საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები, ბოლო პერიოდში ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობები და საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულება იყო. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების ჭრილში, ერთ-ერთ ძირითად საერთაშორისო პარტნიორთან, IFES-თან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი პრიორიტეტულია ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობა 2024 წელს პარლამენტის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა 2023 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შესახებ. მან აღნიშნა, რომ 2024 წლის საერთო არჩევნებამდე ასეთი მასშტაბური პილოტირება არის ყველა მხარისთვის კარგი შესაძლებლობა, რომ პრაქტიკაში განხორციელდეს დაკვირვება და გამოკვეთილი საკითხების შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებისთვის უკეთესად მომზადება.
IFES-ის პროგრამების ვიცე-პრეზიდენტმა კატერინა ელენამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი და ღირებულია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისთვის. მისი თქმით, ცესკოს მიერ გაწეული და დაგეგმილი საქმიანობები, აქტივობები პროგრესულია და მიმართულია ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპების ამაღლებისკენ.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
„საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორია. მათი მხარდაჭერით წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელებულა. დღესაც, სხვადასხვა მიმართულებით, მათ კონტრიბუცია შეაქვთ ინსტიტუციისა და საარჩევნო პროცესების განვითარებაში. საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე ახალი საჭიროებები და გამოწვევები გამოიკვეთა და IFES-ის მხარდაჭერა ამ მიმართულებებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.