ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდული კონგრესის მონაწილეებთან საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ახალგაზრდული კონგრესი-2023“ 10 სექტემბერს ბათუმში გაიმართა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, მისმა მოადგილე ტიტე აროშიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე კახა აბულაძემ მიმართეს.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნის განვითარების და მისი დემოკრატიულობის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი არჩევნებია. თავის მხრივ კი სწორედ არჩევნები აძლევს შესაძლებლობას მოქალაქეებს ჩაერთონ დემოკრატიულ პროცესებში.
„რაც მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული საარჩევნო პროცესებში, როგორც ამომრჩეველი, პოლიტიკური აქტორი, საზოგადო აქტივისტი და რაც მთავარია საარჩევნო ადმინისტრატორი, მით უფრო მაღალია ქვეყნის წარმატებული და დემოკრატიული განვითარების შანსი. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანია, ხელი შევუწყოთ დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას, ახალგაზრდების განვითარებასა და მათი პოტენციალის რეალიზებას. ცესკო ახალგაზრდებს არაერთ სასწავლო/საგანმანათლებლო/საინფორმაციო პროგრამას სთავაზობს, რაც ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დონეზე მათ აქტიურ ჩართულობას არჩევნების მოდერნიზების ისტორიულ პროცესში“, - განაცხადა გამოსვლისას კალანდარიშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და არჩევნების მოდერნიზების თემაზე დეტალურად ისაუბრა პანელურ შეხვედრაზე - „მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკა“ და მონაწილეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
ახალგაზრდული კონგრესი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. კონგრესს 400-მდე ახალგაზრდა, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლებებისა და საკანონმდებლო ორგანოების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.