თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის 2023-2024 წლების ანგარიში წარადგინა თბილისის საკრებულოს სხდომაზე და საბჭოს მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
თინათინ ნიბლოშვილმა საბჭოს საქმიანობიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების დოკუმენტის მიღება დაასახელა. დოკუმენტი, რომელიც დედაქალაქის საკრებულოსა და მერიაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე შესაბამისი რეაგირების განხორციელების საკითხებსა და პროცედურებს არეგულირებს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა.
საკრებულოს სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა ისაუბრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიაზე „არა ქალზე ძალადობას“, რომელსაც საბჭო სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე არსებულ თბილისის კრიზისულ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. ამავე კამპანიის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭო გასულ წელსაც შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით.
ანგარიშის წარდგენისას თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, რომ საბჭოს მიერ გასულ წელს დაწყებული საინფორმაციო კამპანია ,,შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი ქალთა ონკოლოგიური დაავადებებისა და სკრინინგის შესახებ ცნობიერების გაზრდა იყო. მისივე თქმით, კამპანია საბჭოს ინიციატივით, „ევროპა დონა საქართველოსა“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით ხორციელდება და მის ფარგლებში არაერთი აქტივობა ჩატარდა.
თინათინ ნიბლოშვილმა ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა საბჭოს ინიციატივით დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ დაბეჭდილ საინფორმაციო ბროშურებზე, რომლებიც მომზადებულია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რაც მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობებისათვის ინფორმაციის მშობლიურ ენაზე მიწოდებას.
სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა ვრცლად ისაუბრა საბჭოს მიერ ქალი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე, რომელთაც გენდერული თანასწორობის საბჭო მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან თანამშრომლობით ატარებს.
გამოსვლის დასასრულს თინათინ ნიბლოშვილმა ხაზი გაუსვა საბჭოს ინიციატივითა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გასული წლის ბოლოს დაწყებული თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის ჩატარებას. მისივე განმარტებით, რეკომენდაციები, რომლებსაც გენდერული აუდიტის ჩატარების შემდეგ USAID-ის ექსპერტები გასცემენ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის, საბჭოს სამომავლო მიზნებისა და ამოცანებისთვის.