თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი აცხადებს, რომ იმისათვის, რათა ქალაქი ქაოსურად არ განვითარდეს, მას შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმები სჭირდება. განცხადება ამის შესახებ თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, საკრებულოს ოპოზიციას  ქალაქის რეალური პრობლემები არ აინტერესებს.

„ჩვენს ქალაქში არის მოთხოვნა სამშენებლო ფართებზე, რასაც აკმაყოფილებს ბიზნესი. ჩვენ  შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმები გვჭირდება, რათა ყველა მშენებლობა სტანდარტების დაცვით განხორციელდეს.

როდესაც ჩვენი ოპონენტები გამოკითხვის ჩატარებაზე საუბრობენ,  მაინტერესებს, რა გამოკითხვები  ჩატარდა მაშინ, როდესაც  პირდაპირ საზოგადოებრივ სივრცეებსა და  დაწესებულებებში აშენებდით კორპუსებს?!  სწორედ ამიტომ,  ყველა  მანკიერი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად, რომლებიც  ჩვენს ქალაქ აქვს სწორად დაგეგმილი რეგულაციები და  განაშენიანების რეგულირების გეგმებია საჭირო“, -  განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც წლების განმავლობაში ასხვისებდნენ საზოგადოებრივ სივრცეებს, დღეს ითხოვენ, რომ ყველაფერი ქალაქმა გამოისყიდოს, შემდეგ კი იგივე ადამიანები სასამართლოებში დადიან, რომ როგორმე არ დაუბრუნონ დიღმის ჭალების ტერიტორია ქალაქს, რათა სწორედ იმ ტერიტორიაზე  ჩადგან კორპუსები.