🦁 ესეც ასე. სამი კვირა გავიდა უკვე, რაც ლომის ბოკვერი ზოოპარკში გვყავს. ამასობაში უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა და ბევრი კითხვაც დაგროვდა, ამიტომ ვეცდებით, ერთ პოსტში მოვუყაროთ თავი ყველა პასუხს და ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ. პოსტი კი არა, ფაქტობრივად, კარგა მოზრდილი სტატიაა, მაგრამ თუ ნამდვილად გაინტერესებთ პასუხი ყველა კითხვაზე და ნამდვილად გადარდებთ ბოკვრის ბედი, აუცილებლად წაიკითხავთ. - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკი სოციალურ ქსელში წერს.

🔴 პირველი და ყველაზე გავრცელებული კითხვა, რომელიც ბოლოს დადებულ ფოტოს მოჰყვა:

❓ რატომ წევს ბოკვერი მაგიდაზე?

საქმე ის გახლავთ, რომ ბოკვერმა თავად გადაწყვიტა მაგიდაზე დაძინება. როგორც იცით, ამჟამად დირექტორის კაბინეტში ცხოვრობს და ხან სავარძელზე წევს, ხან მაგიდაზე, ხან ვეტექიმზე, ხან დივანზე და ხანაც – მდივანზე. ბოკვერი დაბმული არაა, თავისუფლად მოძრაობს მთელ სართულზე და შედის იქ, სადაც გაუხარდება, რაც მისი კვლევითი ქცევის განვითარებას უწყობს ხელს. აქ მთავარი ის კი არ არის, მაგიდაზე რატომ წევს, არამედ ის, თუ საერთოდ რატომაა ადმინისტრაციულ შენობაში.  


❓ რატომ ცხოვრობს ბოკვერი ადმინისტრაციულ შენობაში?


1️⃣ ზოოპარკის „ბაგა-ბაღის“ სივრცის არარსებობა:
მოგეხსენებათ, რომ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს. აქვე იკითხავთ, რით ვეღარ დასრულდაო და მართალნიც იქნებით. ვერ დამთავრდა მარტივი მიზეზის გამო – ახალი ზოოპარკის მშენებლობის დასასრულებლად საჭირო თანხა არ გვაქვს. ჩვენი ბიუჯეტით არსებული ზოოპარკის შენახვას ვახერხებთ, მაგრამ ახლის გახსნას – ვერა.  


2023 წელს ახალ ზოოპარკში აშენდა ზამთრის რამდენიმე ვოლიერი და ვეტკლინიკა, მათ შორის დახურული შენობა დიდი კატებისთვის, რომელიც ცხოველებისთვის საჭირო ყველა აუცილებელ კომპონენტს მოიცავს, კერძოდ, გათვალისწინებულია საიზოლაციო და საკარანტინო სივრცეები, სამედიცინო ოთახები და სხვა. უსახსრობის გამო ამ შენობების დამთავრებას და გარე ვოლიერების მოწესრიგებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც იძულებულნი ვხდებით, შეფარებული ცხოველები ძველი ზოოპარკის ტერიტორიაზე, მათ შორის, ეგზოტარიუმსა და ადმინისტრაციულ შენობაში შევიკედლოთ და პერიოდულად ადამიანების სამუშაო სივრცეები ცხოველების ინტენსიური თერაპიის კაბინეტებად გადავაკეთოთ, რაც, რაღა დაგიმალოთ და, არც ისე მოსახერხებელია. უბრალოდ სხვა გზა არაა.  

2️⃣ 24-საათიანი ზედამხედველობა:

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ბოკვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მაინც ესაჭიროება 24-საათიანი ზედამხედველობა. შეგახსენებთ, რომ ზოოპარკში შემოყვანისას ბოკვერს არაერთი პრობლემა ჰქონდა. შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე მას დაუდასტურდა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, პნევმონია, კუნთების დისტროფია, ზრდაში ჩამორჩენა, რაქიტი და ა.შ. ჩვენი ვეტექიმების ძალისხმევის შედეგად მისი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანა შევძელით, მაგრამ ლომს დღემდე უტარდება მედიკამენტური მკურნალობა და რისკებისგან თავის დასაზღვევად ფაქტობრივად არც ერთი წუთი არ რჩება მარტო. არც დღისით და არც ღამით. 

❓ აქვე შემხვედრი კითხვა წამოვა, მაშინ ვეტკლინიკაში რატომ არააო?

ვეტექიმების ოთახში სამედიცინო მომსახურებას ზოოპარკის სხვა ცხოველებს უწევენ. იქ ბოკვერს ვერ გავაჩერებთ. 
3️⃣ ქცევის სპეციალისტის მეთვალყურეობა:
ვეტექიმის მეთვალყურეობისა და მედიკამენტური მკურნალობის გარდა ბოკვერს მუდმივად ესაჭიროება ქცევის სპეციალისტის დაკვირვება. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები ცხოველის ქცევას 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან, რათა საგანგაშო ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში ვეტექიმს აცნობონ და სათანადო რეაგირება მოახდინონ.  უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, დაახლოებით ისეა, როგორც საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში: პაციენტის ზოგად მდგომარეობას მთავარი ექიმი აკონტროლებს, მაგრამ მუდმივ ზედამხედველობას მედდები უზრუნველყოფენ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოოპარკის დირექტორი გახლავთ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ცხოველთა ქცევისა და ეკოლოგიის სპეციალისტი და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN/SSC) წევრი. ცხოველთა ქცევის შესწავლა მისი პროფესიაა და უკეთეს ეთოლოგს (ცხოველთა ქცევის სპეციალისტი) ბოკვერზე დასაკვირვებლად ვერც ვიპოვიდით. 

4️⃣ კვება: 
ბოკვერს კვების მკაცრი რეჟიმი აქვს: მას სამ საათში ერთხელ ვკვებავთ. ამჟამად კატებისთვის განკუთვნილ სპეციალურ რძეს მიირთმევს და უკვე ხორცისა და ღვიძლის ფარშიც დავუმატეთ. ჭამის შემდეგ პერიოდულად მუცლის მასაჟი ესაჭიროება (გაზების გამოსათავისუფლებლად). როდესაც ბოკვერი დედასთან იზრდება, კვების შემდეგ დედა მუცელს ულოკავს და ამგვარად პერისტალტიკის გაძლიერებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში დედის ჩანაცვლება ჩვენ გვიწევს.

 ❓ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რატომ არ შეიძლება ბოკვრის სხვა გარეულ ცხოველებთან მოთავსება?  
ამჟამად ზოოპარკში არ გვყავს ისეთი გარეული ცხოველი, რომელთანაც ლომის ბოკვერი უსაფრთხოდ შეძლებდა თანაცხოვრებას. კონკრეტულად ლომებს რაც შეეხება, გვყავს 7 ზრდასრული თეთრი ლომი: დედა, მამა და მათი ნაშიერები. ზოგადად, ლომების პრაიდში (ოჯახში) ნებისმიერი ახალი ლომის შესვლა დიდი პრობლემაა, მით უფრო, თუ ეს ახალი – უცხო ბოკვერია. მათთან ამ ბოკვრის შეშვება ტრაგიკულად დასრულდება. მომენტალურად.  


❓ და რას ვაკეთებთ ასეთ შემთხვევაში? 

5️⃣ სოციალიზაცია:
ლომი სოციალური ცხოველია და მისთვის სოციალური ურთიერთობები აუცილებელია. მარტოობაში გაზრდილ სოციალურ ცხოველებს სოციალურ იზოლიანტებს უწოდებენ. იზოლაცია მერე და მერე საკმაოდ პრობლემურად ვლინდება – ცხოველს ნევროზის სხვადასხვა ფორმა და სტერეოტიპული ქცევა უყალიბდება. ასეთ შემთხვევებში საუკეთესო გამოსავალი სხვა სახეობის ცხოველებთან თანაცხოვრებაა, მაგრამ თუ მსგავსი პრაქტიკის განხორციელება შეუძლებელია (როგორც, მაგალითად, ჩვენი ბოკვრის შემთხვევაში), შეიძლება სუროგატების გამოყენება. 
ბოკვრის სუროგატებად ამჟამად ჩვენი ძაღლები, დირექტორის კაბინეტში დასაქმებული ბიმბო და ლომის აღზრდაში გამოცდილი კარაკულა, გვევლინებიან. გახსოვთ ალბათ ჩვენი კარაკულა, რომელიც შუმბასთან ერთად იზრდებოდა. მართალია კარაკულამ ბრძანა, უკვე დავბერდი და ლომების ნერვები აღარ მაქვსო, მაგრამ მაინც ახერხებს ბოკვერთან გარკვეულ კომუნიკაციას. 


გარდა ამისა, ლომის სოციალიზაციაში მონაწილეობენ ჩვენი ცხოველთა ქცევის სპეციალისტები. ისინი ბოკვერს თამაშში ჰყვებიან და, გარკვეულწილად, ანაცვლებენ მისთვის საჭირო სოციალურ ურთიერთობებს. ადრეც აღვნიშნეთ, რომ ცხოველი და, მით უმეტეს, გარეული ცხოველი, სათამაშო არ არის და ის ჩვენს თავშესაქცევად არ უნდა ვაქციოთ. ჩვენი ბოკვრის შემთხვევაში ჩვენ, ადამიანები, ზოოპარკის თანამშრომლები, ვართ მისი სათამაშოები. ლომი პატარაა და მისთვის, როგორც ყველა პატარისთვის, თამაში აუცილებელია. თამაშის ელემენტები მისი განვითარებისა და სრულყოფილი ქცევის ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენს. ლომს თამაში არ უნდა შეეზღუდოს და, ამასთან, ამ პროცესში უნდა მონაწილეობდეს ცხოველების ქცევის მცოდნე სპეციალისტი, რომელიც ცხოველის ინტერესებსაც გაითვალისწინებს და უსაფრთხოების ნორმებსაც დაიცავს. ჩვენი ბოკვერი, ასაკისა და სისაყვარლის მიუხედავად, უკვე საკმაოდ გემრიელად იკაწრება და იკბინება.

 ❓ კი მაგრამ, სულ ოთახში ზის?

ცხადია, არა. დღეში რამდენჯერმე ვასეირნებთ ეზოში. გაგვყავს მზის გულზე და იქაც ვაძლევთ სირბილისა და თავის შექცევის შესაძლებლობას. 


❗️ გაუშვით, დააბრუნეთ ბუნებაში!
გარეული ცხოველის რეინტროდუქცია (ბუნებაში დაბრუნება) ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია ბიოლოგიაში. ზოგადად, ტყვეობაში, ადამიანების გვერდით გაზრდილი გარეული ცხოველის და, მით უმეტეს, მტაცებლის ბუნებაში დაბრუნება პრობლემური საკითხია. მან არ იცის დამოუკიდებლად საკვების მოპოვება (რადგან ნადირობის ადრეული გამოცდილება არ ჰქონია), თავის გადარჩენა და ადამიანისგან განრიდება. მისთვის ადამიანი ჩვეული სოციალური გარემოს ნაწილია. ის ადამიანს არ აღიქვამს, როგორც მტერს. 
კონკრეტულად ლომს რაც შეეხება, ლომების მსოფლიო პოპულაცია კატასტროფულ მდგომარეობაში არ არის, ამიტომ მათ შემთხვევაში ძირითადად არა რეინტროდუქციას, არამედ კონსერვაციულ ტრანსლოკაციას, ანუ ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანას, მიმართავენ. გაუგებარი, რთული სიტყვების რახარუხი რომ არ გამოგვივიდეს, ადვილად ავხსნით: თუ სახეობას გადაშენების საფრთხე ემუქრება, მეცნიერებს უღირთ მრავალწლიანი წვალება და ტყვეობაში გაზრდილი ინდივიდების ქცევის მოდიფიკაცია იმისთვის, რომ ცხოველებმა ველურ ბუნებაში დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლონ. აქაც არსებობს რისკი, რომ ისინი ბუნებაში ვერ გადარჩნენ, მაგრამ როცა სახეობა კრიტიკულ საფრთხეშია, ჩიტი ბრდღვნად ღირს. ლომი არ არის კრიტიკულ საფრთხეში, ამიტომ ამ სარისკო და საწვალებელ საქმიანობას იშვიათად მიმართავენ და ტყვეობაში დაბადებული ლომები, ძირითადად, ადამიანის მიერ კონტროლებად შემოსაზღვრულ სივრცეში რჩებიან. 

❓ გვაქვს თუ არა კონტაქტი უცხოელ სპეციალისტებთან?

ბოკვრის მდგომარეობის მართვაში გვეხმარება ლაიფციგის ზოოპარკის ყოფილი მთავარი ვეტექიმი, ლომების კონსერვაციის სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა მსოფლიოში, კლაუს ოლენბერგერი. გვაქვს კონსულტაციები „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ სპეციალისტებთან, მათ შორის ლომთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზეც. ვეკონტაქტებით ვეტექიმებს სამხრეთ აფრიკაში.
დავიკვეხნით და იმასაც გეტყვით, რომ არც ჩვენ ვართ ხელწამოსაკრავები. არაერთი ხელით გამოზრდილი ბოკვერი მიგვიყვანია ჯანმრთელ ზრდასრულობამდე. და არა მარტო ბოკვერი.

❓ სად იცხოვრებს ლომის ბოკვერი, როცა წამოიზრდება?

იცხოვრებს თბილისის ახალ ზოოპარკში, სადაც უკვე დავიწყეთ კონკრეტულად მისთვის შესაფერისი სივრცის კეთილმოწყობა. კი, არ იყო დაგეგმილი. კი, გაგვიჭირდება. კი, მოგვიწევს რესურსების გადანაწილება, მაგრამ ამ სიტუაციაში სხვა გზა არ გვაქვს, რადგან სულ რამდენიმე თვეში ლომი სხვა სივრცეში იქნება დასაბინავებელი. თუ რომელიმე კომპანიას ან ფიზიკურ პირს ფინანსური დახმარების სურვილი ექნება, მხოლოდ გაგვიხარდება. ზოოპარკში გვაქვს ცხოველების მეურვეობის პროგრამაც და ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა ჩვენი ბინადრების კეთილდღეობაში. 

🔴 ჯამი:

✅ ამჟამად ლომის ბოკვერი პროფესიონალების ხელშია და იზრდება ისე, როგორც მისი კეთილდღეობისთვისაა აუცილებელი.
✅ მომავალშიც მისი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ.
✅ არაფერია დასაძრახი ან საგანგაშო იმაში, რომ საზოგადოებას ბევრი კითხვა (და, ამავდროულად, ეჭვიც) გაუჩნდეს. ყველა ყველა დარგის სპეციალისტი ვერ იქნება. თუ რაიმე კითხვა გექნებათ ან ინფორმაციის დაზუსტება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ გვესტუმროთ, გაგვესაუბროთ, ნახოთ, გადაამოწმოთ, დაგვირეკოთ, მოგვწეროთ. არც პასუხებს დაგზარდებით და არც ახსნა-განმარტებებს დავიშურებთ.


🐾 ბოლოს და ბოლოს, თანამედროვე მსოფლიოში ზოოპარკების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია საგანმანათლებლო საქმიანობაა და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი.
🦁❤️

ფოტოები მზია შარაშენიძე.