რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას ზოოპარკისთვის 70-ზე მეტი ცხოველი აჩუქა. კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცხოველების გადაცემა ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერებას.

ვლადიმერ პუტინის მიერ ჩრდილოეთ კორეაში გაიგზავნა აფრიკული ლომი, ორი ყავისფერი დათვი, ორი შინაური იაკი და 40 იხვკაზმულა. ცხოველების ტრანსპორტირებას რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე კოზლოვი ხელმძღვანელობდა.

ცხოველები, რუსი ვეტერინარების მეთვალყურეობით, ფხენიანის ცენტრალურ ზოოპარკში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, ივნისში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. მათ „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი.