„საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების უდიდესი ნაწილი პაპილომავირუსს უკავშირდება, ეს არის ერთადერთი კიბო, რომლის თავიდან აცილება და საერთოდ ელიმინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის გზით. პაპილომავირუსია ბევრი სხვა სახეობის კიბოს გამომწვევიც, მათ შორის მამაკაცებში, შესაბამისად თანაბრად მნიშვნელოვანია ორივე ჯგუფის აცრა“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, კიბოს პრევენციისთვის, სახელმწიფო პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს, ამასთან, მიმდინარე წელს, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა.
„აცრის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა და ახალი რეგულაციების მიხედვით, უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან -45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. მომართვიანობა და ინტერესი გაზრდილია, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას მოცირკულირე პაპილომავირუსები მინიმუმამდე შევამციროთ“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ევროპის რეგიონის 45 ქვეყანაში ტარდება, მათგან 20 ქვეყანა ცრის ორივე სქესის წარმომადგენლებს. სამეცნიერო მონაცემებით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. აცრის ჩატარება სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.