სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის პროექტის, „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით, მედიასემინარი ჩატარდა თემაზე - საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები.
ორი დღის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, დირექტორის მოადგილემ და შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებმა ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი მიმოიხილეს. ჟურნალისტებთან მათ ისაუბრეს ოკუპაციის ისტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და იქ მიმდინარე პროცესებზე, განიხილეს დეზინფორმაციის სხვადასხვა გამოვლინება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის გაშუქების კონტექსტში. საუბარი შეეხო კომუნიკაციის დროს ტერმინოლოგიის გამოყენებას, განიხილეს სხვადასხვა შემთხვევა.
ევროკავშირის მიერ მოწვეულმა ცნობილმა ბრიტანელმა და ჰოლანდიელმა ექსპერტებმა ქართველ ჟურნალისტებს მედიასა და უსაფრთხოების სექტორს შორის ურთიერთობის სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს. ასევე საინტერესო საუბარი გაიმართა სტრატეგიული კომუნიკაციის როლზე.
გარდა ოკუპაციის თემებისა, მედიამ მიიღო ზოგადი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანდატის, მისი სხვადასხვა დანაყოფის ფუნქციონირებისა და განხორციელებული სამუშაოს შესახებ.
სემინარის დასასრულს გაიმართა დისკუსია. მედიის შეკითხვებს სამსახურის ადმინისტრაციისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტების, ანტიკორუფციული სააგენტოს, კონტრტერორისტული ცენტრისა და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელებმა უპასუხეს.