სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
"2023 წლის 31 მარტს 11:00 საათზე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებულ იქნა ბრალდებული ლ.გ. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას.მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით.
სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ.
ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. ბრალდებულ ლ. გ-ს დაცვის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, სრულად გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში. ბრალდებული დაწესებულებაში მოთავსების დღესვე, 2023 წლის 31 მარტს 21:50 საათზე, მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელმაც შსს-ს მტკიცებით ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა