ირღვევა ლაზარეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, კობახიძემ ის უკვე შერაცხა მოძალადე ახალგაზრდად, გამოიყენა ბრალდებულის მიმართ სიძულვილის ენა - ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც მარტის აქციების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეს გამოეხმაურა.
„პირველ რიგში, ის, რომ ლაზარემ ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილი” ისროლა, საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს. ამასთანავე, ირღვევა ლაზარეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ირაკლი კობახიძემ ის უკვე შერაცხა მოძალადე ახალგაზრდად, გამოიყენა ბრალდებულის მიმართ სიძულვილის ენა. ჯერჯერობით რაც ზედაპირზეა, პრემიერის და მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან ადგილი აქვს აქციის მონაწილეების დემონიზების პოლიტიკურ განზრახვას, რისი რეალიზებაც ლაზარეს შემთხვევაში უნდათ რომ მოახდინონ”, - წერს ლომჯარია.