სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების პროგრამასთან დაკავშირებით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომას სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომისიის წევრებმა განსახლების პროცედურებსა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. პროგრამის მიზანს მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა წარმოადგენს.
მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს უსახლკარო ან მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები ოჯახი, 3 და მეტი არასრულწლოვანი შვილით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 120 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.
პროგრამაში ჩართვის მსურველმა ოჯახებმა განაცხადები ჯანდაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს მისაღებ ცენტრებში გააკეთეს. ასევე, სააგენტომ მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმ უსახლკარო ოჯახების შესახებ, რომელთა განსახლება შესაძლებელია პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს. ამ ეტაპზე, შემოსული განაცხადების შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
უსახლკარო ოჯახების განსახლების საკითხს კომისია განიხილავს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ოჯახი თავად არჩევს შესასყიდ სახლს. სახლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა არაუმეტეს 50 000 ლარს შეადგენს.
პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია და 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება.