„საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი უმუშევრობიდან ღია შრომის ბაზარზე დასაქმებისაკენ ხიდის როლის შესრულებაა. ამ ეტაპზე, დასაქმების პროგრამაში, 33 000 ადამიანია დასაქმებული. პარალელურად, დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, აქტიურად მუშაობს სოციალურად დაუცველებთან და სხვა დასაქმების მაძიებლებთან, იმისათვის, რომ მათ ღია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიები შესთავაზოს“, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ ბარკალაიას თქმით, საზოგადოებრივი სამუშაოების გარდა, დასაქმების სააგენტომ, ღია შრომის ბაზარზე კიდევ 19 000 სოციალურად დაუცველი პირი დაასაქმა.
„აქაც მზარდი ტენდენცია გვაქვს - შარშან, სააგენტოს მხარდაჭერით, დავასაქმეთ, 12 000 ადამიანი და აქედან, 8 000 იყო სოციალურად დაუცველი პირი. წელს, დაახლოებით, 14 000-მდე ადამიანია, წლის განმავლობაში და აქედან, 11 000 სწორედ სოციალურად დაუცველია. ანუ იზრდება მათი მხრიდან, ნდობა და მომართვიანობა.
პარალელურად, დასაქმების სააგენტო, მეტი ვაკანსიის მოზიდვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობს დამსაქმებლებთან და ამ ეტაპზე, დასაქმების სააგენტოში, 12 000-მდე ღია ვაკანსიაა. ამ ვაკანსიებს ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს, მხარდაჭერის სხვა სერვისებთან ერთად, როგორებიცაა: მოკლევადიანი მომზადება - გადამზადება, პროფესიული კონსულტაცია, კარიერის დაგეგმვა და ა.შ.“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.