მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე, სნაიპერის საერთაშორისო კურსის დასრულების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი, სარდლობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ორკვირიან საერთაშორისო კურსში, რომელსაც ქართველი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ, საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ბელგიისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

სამხედროებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს.


დასკვნითი სროლები კურსდამთავრებულებმა ბაზის პოლიგონზე გამართეს, სადაც სნაიპერული შაშხანებით სხვადასხვა მანძილზე სიზუსტისა და პროფესიონალიზმის დონე წარმოაჩინეს.


ღონისძიებებაზე კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო კურსის მიზანია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, თავსებადობის დონის ამაღლება და
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.