პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად სტუმრობენ. უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ინფორმაციულ შეხვედრებში, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობენ.
ამჯერად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე შეხვდა. მან საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, ნატოსთან თავსებადობის გაზრდის პროცესში თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე ისაუბრა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ სტუდენტებთან საუბრისას, თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერების, განათლების მნიშვნელობისა და ქვეყნის დაცვის საკითხში ახალგაზრდა თაობის როლზეც გაამახვილა ყურადღება.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ეროვნული სამხედრო სამსახურის კუთხით განხორციელებული ცვლილებები და, ზოგადად, ჯარში სამსახურის ფორმები წარმოადგენდა. სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიისა და საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციაც წარუდგინეს და ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხეს.
2022-2023 სასწავლო წლიდან პროექტი - „ჩვენი ჯარი“, სკოლების პარალელურად, უმაღლეს სასწავლებლებშიც აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.