ფასების რეგულირება პროდუქტებზე და სოციალური ტვირთის შემცირება მოქალაქეებისთვის - პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
გაკეთდა განცხადებები, რომ საუბარი იყო საქმიანი, კერძო სექტორმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია და თანამშრომლობა გაგრძელდება.
"დაისვა კითხვები "რითეილის" პოზიციებიდან გამომდინარე, რომელიც წინა შეხვედრაზე დაგროვდა. სამთავრობო კომისია შეხვდა რითეილ სერვისის წარმომადგენლებს და აღნიშნულთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ ინფორმაცია და სექტორის პოზიცია, რაზეც რეალურად შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ადგილობრივი მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ უკარნახებს პირობას ბაზარზე. მათ შორის, ვისაუბრეთ საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომელიც გულისხმობს მსგავსი ტიპის ურთიერთობებში ამ კუთხით რეგულირებას. მაგრამ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არსებითად იმ საკითხებს ვერ გადაჭრის, რაც ფასებზე შესაძლოა კიდევ დამატებით გავლენას ახდენდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დადებით როლს ითამაშებს", - განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძემ.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, ეს იყო რიგით მესამე შეხვედრა. ორი დღის წინ, პრემიერი უკვე ესაუბრა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს. პარალელურად, ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში ორი უწყება, - სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს.
მთავრობის მეთაურის ინიციატივით შექმნილი კომისია სურსათის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს.




