ისნის რაიონში, ე.წ. სამგორის პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. რეკრეაციულ პროექტს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ პარკის შესასვლელში ერეკლე მეორის ძეგლის დადგმა იგეგმება. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, უკვე მიმდინარეობს პიედესტალის მოწყობის სამუშაოები.

„ისნის რაიონში მიმდინარეობს კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი. ე.წ. სამგორის პარკი, რომელიც იყო  კერძო საკუთრებაში, იყო მიგდებული, განადგურებული, აქ განთავსებული იყო რაღაც ატრაქციონები, რომელიც გაუბედურებული იყო. მოგვიწია ტერიტორიის გასუფთავება, მიმდინარეობს ახალი პროექტის განხორციელება, ბავშვებისთვის მოეწყობა შესაბამისი ატრაქციონები, რეაბილიტირდება საფეხბურთო მოედანი, მოეწყობა განათება და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, ძაღლებისთვის შესაბამისი სივრცე არის გამოყოფილი და ძალიან მაგარია, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ პარკის შემოსასვლელში, შსს-ს მხრიდან განთავსდება ერეკლე მეორის ძეგლი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პიედესტალის სამუშაოები და ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე უკვე მთლიანად, როგორც პარკის, ასევე ძეგლის მონტაჟის სამუშაოები იქნება დასრულებული. თვითონ პარკს რაც შეეხება, საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და ერთობლიობაში ძალიან მაგარი იქნება. კიდევ ერთი რეკრეაციულის სივრცე შეემატება დედაქალაქს, ირგვლივ უამრავი ოჯახი ცხოვრობს და პატარებს ექნებათ გართობის, დასვენების, ვარჯიშის შესაძლებლობა, თუმცა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერეკლე მეორის ძეგლი განთავსდება პარკის შემოსასვლელში“,  - განაცხადა კახა კალაძემ.

პარკის ტერიტორიაზე უკვე დასრულდა გამწვანების სამუშაოები. მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 17 854 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი, დაირგო 390 ძირი დიდტანოვანი ხე, 2 934 ძირი ბუჩქი და 1 400 ძირი ბალახოვანი მცენარე.