დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის კანდიდატურა წარადგინა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კახა აბულაძეს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის პერიოდში, არაერთი წარმატებული პროექტისა და პროგრამის განხორციელებაში აქვს წვლილი შეტანილი.
„კახა აბულაძე 2023 ოქტომბრიდან თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ის მედიცინის დოქტორია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მანამდე მუშაობდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე, იქამდე კი თბილისის მერიაში ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. დიდია მისი წვლილი დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღების განვითარების, განხორციელებული წარმატებული პროექტებისა თუ პროგრამების მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებს აწ უკვე მერის მოადგილის პოსტზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კახა აბულაძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
„წარმატებებს ვუსურვებ კახას ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს იყო თბილისის და თბილისელების სამსახურში. მომდევნო წლები ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება. მზად ვართ, ჩვენი შრომით და ყოველდღიური საქმიანობით, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და კომფორტული გავხადოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.