საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნებზე დაკვირვებისა და ფოტოვიდეოგადაღების რეგულაციებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა.

„ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა მორიგი არჩევნები გაიმართება. სამწუხაროდ,  გასულ არჩევნებზე დაფიქსირდა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონის დარღვევით განხორციელების არაერთი ფაქტი, რამაც ხელი შეუწყო, მათ შორის, ხმის ფარულობის საკითხის სპეკულაციურად წამოჭრას. შესაბამისად, საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

საარჩევნო, ისევე როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა, კრძალავს ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღებას ან სხვაგვარ დამუშავებას,  რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. დაუშვებელია ამომრჩევლის აღრიცხვა, ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.

ამასთან, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, დადგენილი წესით, შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება და არა აუდიომონიტორინგი.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტების შესწავლის შემდეგ, ადმინისტრაციამ, როგორც საარჩევნო პროცესზე პასუხისმგებელმა ინსტიტუციამ, მიიღო სამართლებრივი აქტები მომავალში მსგავსი ტიპის სპეკულაციების და ქმედებების პრევენციის მიზნით და განხორციელდა ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილისთვის საფარის დამატება, რომელიც სხვა, ადრე არსებულ მექანიზმებთან ერთად აღარ ტოვებს ფარულობის საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციის სივრცეს. სხვა შემთხვევებში ფარულობის პრინციპზე საუბარი იქნება მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი, რომელიც დააზიანებს საარჩევნო პროცესს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს დაიცვან კანონმდებლობა და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.