დღეს რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორი საფეხბურთო მოედანი და ტექნიკური ცენტრი გავხსენით, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ ახალგაზრდებს აქტიურად ივარჯიშონ და განვითარდნენ პროფესიულად. პროექტი სამთავრობო პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც სპორტული ობიექტები ყველა მუნიციპალიტეტში შენდება. პრემიერმა დღეს, ასევე დააანონსა 12 ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ახალი საფეხბურთო ტექნიკური სტადიონის გახსნისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსთავში კი უკვე დაწყებულია უეფა-ს მეოთხე კატეგორიის ცენტრალური სტადიონის დაპროექტება.
„იმედი გვაქვს, რომ მალე მის მშენებლობასაც დავიწყებთ“, – განაცხადა სოხაძემ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ორი მოედნის მშენებლობა დაასრულა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი და ტექნიკური ცენტრი, რომელიც სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით და მოედნების მოვლისთვის საჭირო ტექნიკით. კომპლექსში მოწყობილია გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსები.
200 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
პროექტი საქართველოს მთავრობამ 4.9 მილიონი ლარით დააფინანსა.
ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რუსთავსა და რეგიონში სპორტის ხელშეწყობასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.