1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე რუსი ჯარისკაცების ალესილ ნიჩბებს 21 ქართველის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შედეგად დაღუპულთაგან უმრავლესობა ქალები იყო, ორი კი სკოლის მოსწავლე.
ეკა ბეჟანიშვილი (15 წლის)
თამუნა ჭოველიძე (16 წლის)
ნათია ბაშალეიშვილი (16 წლის)
მამუკა ნოზაძე (21 წლის)
აზა ადამია (22 წლის)
მანანა მელქაძე (23 წლის)
ნატო გიორგაძე (23 წლის)
ელისო ჭიპაშვილი (25 წლის, ფეხმძიმე)
ნინო თოიძე (22 წლის)
თამუნა დოლიძე (28 წლის)
ნანა სამარგულიანი (30 წლის)
მანანა ლოლაძე (34 წლის)
მარინა ჭყონია-სამარგულიანი (31 წლის)
შალვა ქვასრულიაშვილი (35 წლის)
ნოდარ ჯანგირაშვილი (40 წლის)
მზია ჯინჭარაძე (43 წლის)
ვენერა მეტრეველი (45 წლის)
თამარ მამულაშვილი (50 წლის)
ზაირა კიკვიძე (61 წლის)
თინა ენუქიძე (70 წლის)
მომხდარიდან ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის პრეზიდენტებმა გამოაცხადეს, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა არსებობა შეწყვიტა. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა ანტისაბჭოთა მოძრაობის გააქტიურება საქართველოში, რომელიც 1988 წლისთვის დაიწყო. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.
საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინრუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლითაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა,ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.
საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი ეროვნული ტრაგედიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება.