თბილისის ტექნოპარკში 150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპისთვის შერჩეული 50 მონაწილე სტრატაპერის ტრენინგი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება. პროგრამა წელს მე-14-ჯერ გამოცხადდა. სტარტაპერებს უცხოელი მენტორები გადაამზადებენ, რომლის შემდეგაც ისინი საინვესტიციო კომისიის წინაშე წარდგებიან. მენტორები წარმოადგენენ მსოფლიოში ცნობილ ტექნოლოგიურ კომპანიებს და მათ როგორც სტარტაპებთან, ისე ვენჩერულ და ენჯელ ინვესტორებთან წარმატებული თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ. 

„წელს კონკურსში ფართო სპექტრის კომპანიებია წარმოდგენილი. ისინი ფიქრობენ კავკასიის რეგიონის და გლობალური ბაზრების ათვისებაზე. ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური ცვლილებაა — ვხედავთ, რომ სტარტაპები ცდილობენ საქართველოს ფარგლებს გასცდნენ, იფიქრონ მეზობელ ბაზრებზე და გლობალური მასშტაბით,“ - განაცხადა ემი პეკმა, რომლის დაფუძნებული კომპანიები წარმატებით საქმიანობენ აშშ-ში, სილიკონ ველიზე. 
ემი პეკი, როგორც თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ტრენინგების მენტორი, ქართველ სტარტაპერებთან 2019 წლიდან თანამშრომლობს. „საქართველოში როდესაც პირველად ჩამოვედით, ქართველ სტარტაპებში ძალიან დიდი ენთუზიაზმი იგრძნობოდა, თუმცა მათი გამოცდილება ჯერ კიდევ ვერ პასუხობდა იმ მოთხოვნებს, რაც სილიკონ ველის სტარტაპს სჭირდება. ჩვენი მიზანი იყო დახმარება და სწორედ ამ ბოლო რამდენიმე პროგრამაში დავინახეთ წარმოუდგენელი პროგრესი — არა მხოლოდ სტარტაპების რაოდენობაში, არამედ მათ ხარისხშიც, მიღებულ განათლებასა და ცოდნაში. მათ ბევრად კარგად ესმით, თუ როგორ უნდა წარმოადგინონ თავიანთი კომპანიები, განსაკუთრებით ინვესტიციების მოზიდვის კუთხით,“ - აღნიშნა ემი პეკმა. მისი თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, რომელიც მხარს უჭერს მთლიანად ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას. 
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები 17 სექტემბერს გამოვლინდებიან.