ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს  მოზარდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და  ახალგაზრდული პროგრამების განვითარებას.

წნორის სპორტკომპლექსში უნდა მოეწყოს საცურაო აუზი ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის, 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, საბავშვო აუზი,  ძიუდოს, კიკბოქსინგისა და კრივის დარბაზები, მაგიდის ჩოგბურთისა და ფრენბურთის სავარჯიშო მოედნები, სატრენაჟორო, სავარჯიშო ზონები, გასახდელები, საშხაპეები და ფიტნეს ინსტრუქტორების სივრცე.

სპორტული ინფრასტრუქტურის გარდა, შენობაში გათვალისწინებულია სამედიცინო დახმარების, ფიზიოთერაპიის, ადმინისტრაციული და მსაჯების ოთახების მოწყობა.

სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე  განთავსდება, ასევე,  თანამედროვე  ტიპის  ავტოსადგომი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის,  ფუნქციური ზონები კი  დაპროექტდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის მსოფლიო საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის (World Aquatics, ყოფილი FINA) მოთხოვნების გათვალისწინებით.

მუნიციპალური განვითარების ფონდში წნორის სპორტკომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება 26 აგვისტოს დასრულდება.