საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე ქართული კულტურის დღეების ფარგლებში კოპენჰაგენში, მარმარილოს ტაძარში, „ბასიანის“ კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატა მენაბდე, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ევროპელი სტუმრები ესწრებოდნენ.
საღამოზე ანსამბლმა შეასრულა ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები, რითაც ევროპელი მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ანსამბლი „ბასიანი“ 26 სექტემბერს კოპენჰაგენის წმინდა ანას სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ქართული ხალხური სიმღერის ლექცია-მასტერკლასს გამართავს.
კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით გაგრძელდება. ღონისძიებების პროგრამა ითვალისწინებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური საშემსრულებლო ხელოვნების, კინოხელოვნების წარმოჩენას, კერძოდ, ანსამბლ „ბასიანის“ მიერ გაიმართება ქართული ხალხური სიმღერის ლექცია-მასტერკლასი; გიორგი სისაურის კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასის თანხლებით წარადგენენ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების დანიურ თარგმანს; ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარმოადგენს უილიამ შექსპირის „ოტელოს“; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი დანიის კინოინსტიტუტის სინემათეკასთან პარტნიორობით გამართავს ქართული კინოფილმების ჩვენებას.
პირველივე დღეს „დეტ-ნი თეატრში“ გაიმართა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი; გიორგი სისაურის კალიგრაფიული ხელოვნების მასტერკლასი.
ქართული კულტურის დღეები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას, ევროპელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.
შეგახსენებთ: 2023 წელს 4 მაისიდან 20 აგვისტომდე საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და ლუიზიანას მუზეუმთან თანამშრომლობით დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. დაინტერესებულმა საზოგადოებამ ფიროსმანის 48 ნამუშევარი ნახა. ეს იყო პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუზეუმში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად წარმოადგინეს. ლუიზიანას მუზეუმის დირექტორის, პოლ ერიკ ტოინერის, თქმით, ფიროსმანის გამოფენას 260 000 დამთვალიერებელი ეწვია და სტუმართა ამ რაოდენობამ ყველას მოლოდინს გადააჭარბა.
ქართული კულტურის დღეების ღონისძიებებზე დასწრება უფასოა. დანიაში საქართველოს დღეების პროგრამა იხილეთ ბმულზე:https://denmark.mfa.gov.ge/en/georgian-culture-days