სომხეთის დედაქალაქ ერევანში ქართული კულტურის დღეები ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“ შოუ-პროგრამით - „ქართული საგანძური“ დასრულდა.

გალა კონცერტი კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართა. დარბაზის ფოიეში ასევე გამოიფინა ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაული. საქართველოს კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, 5-7 ივნისს, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში გამართულ ქართული კულტურის დღეებზე საქართველო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით წარდგა.