საქართველოს კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში გრძელდება ქართული კულტურის დღეები, რომელზედაც საქართველო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით არის წარმოდგენილი.
საგამოფენო სივრცეში ღვინის ეროვნული სააგენტო მართავს გამოფენას „საქართველო - ღვინის სამშობლო“, რომელიც დამთვალიერებელს ქართული მეღვინეობის უძველეს ისტორიას და კულტურას აცნობს.
ბავშვთა და შემოქმედებით ზონაში მოწყობილია ქვევრის ხატვის სახელოსნო, კალიგრაფიის კუთხე, სადაც ქართველი კალიგრაფები ქმნიან პერსონალიზებულ სამახსოვრო ბარათებს ქართული ანბანით. მთელი დღის განმავლობაში კულტურულ ღონისძიებებს მუსიკალურად აფორმებს კვარტეტი „რანინა“, საღამოს კი გაიმართება ჯგუფ „Goofy Land“-ის კონცერტი.
ქართული კულტურის დღეების ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანი, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი თათა სვანიძე დაესწრნენ.
7 ივნისს, ერევანში ქართული კულტურის დღეებს შოუ პროგრამით - „ქართული საგანძური“ დაასრულებს საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი“, ასევე გამოიფინება ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაული.