სპეციალურ პენიტენციურ სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.
"სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სურს, გამოეხმაუროს მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილს განსაზღვრული ჰქონდა საშიშროების მაღალი რისკი და სასჯელს იხდიდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში.
მსჯავრდებულმა ნოდარ ტატუნაშვილმა 2026 წლის პირველი აპრილიდან დაიწყო შიმშილობა, უარს ამბობდა საკვების მიღებაზე და იღებდა მხოლოდ სითხეს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პაციენტი თუ გონებაზე იმყოფება, თავად განსაზღვრავს როგორც საკვების მიღების, ისე შესაბამისი მკურნალობის ჩატარების საკითხს. მსჯავრდებული უარს აცხადებდა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებასა და ვიტალური პარამეტრების კონტროლზე. ამასთან, აპრილში მას შეეთავაზა №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, რაზეც უარი განაცხადა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მას არაერთხელ შესთავაზა სამოქალქაო სექტორის კლინიკაში მკურნალობის მიზნით გადაყვანა, რაზეც თავდაპირველად უარს აცხადებდა, საბოლოოდ, 2026 წლის 13 მაისს მოხერხდა მსჯავრდებულის დაყოლიება და მან თანხმობა განაცხადა კლინიკაში გადაყვანაზე.
2026 წლის 14 მაისს მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი შიმშილობის შედეგების მართვისა და სტაციონარული მეთვალყურეობის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის №3 პენიტენციური დაწესებულებიდან შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“. მსჯავრდებული გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად იყო კონტაქტური შიმშილობისგან ფიზიკურად დასუსტებული. მიუხედავად არაერთგზის შეთავაზებისა, საკვების მიღებასა და სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარებაზე ნოდარ ტატუნაშვილი უარს აცხადებდა, რაც, შესაბამისად, შეუძლებელს ხდიდა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება; იგი იმყოფება მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ." - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.








