შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის, ძველი-თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან, როგორც წარსულში ნასამართლევი პირები, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მათ ბრალი ედებათ - დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისთვისთვის.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „მორფინი“, „კოდეინი“, გამომშრალი „მარიხუანა" და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი".
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთ დაკავებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 265-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.









