საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ქართულ- ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი კონფერენცია: „ქართულ-ებრაული ურთიერთობები“ ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში სოხუმში დაბადებული ქართველი ებრაელის, იაკობ ოფირი-ეფრემაშვილის წიგნის "საქართველოს ებრაელთა ისტორია (საარქივო მასალების მიხედვით)“  პრეზენტაცია გაიმართა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა წარმოადგინა გამოფენა თემაზე "ებრაელთა ისტორია საქართველოში".

ღონისძიების მონაწილეებს  სიტყვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ. მან ყურადღება გაამახვილა მშვიდობის მნიშვნელობასა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.

„იმედია მშვიდობა მალე დამყარდება წმინდა მიწაზე. სიმართლე იზეიმებს, ბოროტება დამარცხდება.  მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად დიდ საქმეს ჩავუყარეთ დღეს საფუძველი და ეს ნაშრომი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართველთა და ებრაელთა 26- საუკუნოვან მეგობრობაში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, წიგნში შესულია უნიკალური საარქივო მასალები, რომლებსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ედო გრიფი „საიდუმლო“.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი ჰადას მეიცადი. მან საქართველოს სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  

მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

„დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად ყოფნა. ქართველი ერმა იცის მშვიდობის ფასი“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი და  სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებას ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი ირაკლი მეძმარიაშვილი.