საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის 28 აპრილის სხდომაზე ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი  ისაიამ პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა. თუმცა, მას სინოდმა მხარი არ დაუჭირა.    

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზის აცხადებს, რომ სინოდის გადაწყვეტილება არამართებულია. თუმცა, ემორჩილება სინოდის გადაწყვეტილებას.

"მეუფე ისაიამ ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავის მიმართვაში სინოდის მიმართ, რომ მას არაფერი არ უშლიდა, რომ ეს ფორმალური დიპლომი ჰქონოდა, გარდა იმისა, რომ ამ ფორმალური დიპლომის მიღების ნაცვლად, ის ომში იყო და სამშობლოს და ეკლესიას იცავდა, ორჯერ. ორ სხვადასხვა ომში იღებდა მონაწილეობას. მეუფე ისაია არის ჩვენი დროის გმირი და ამ გმირობისთვის მას პატრიარქმა განსაკუთრებული ჯილდო, სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. თვითონ წაიკითხა ეს წერილი. შემდეგ მღვდელმთავრებმა გამოთქვეს აზრი, ყველამ, ზოგმა ისეთი, ზოგმა ასეთი. ამის შემდეგ, დადგა კენჭისყრაზე ის, რომ საერთოდ შეჩერებულიყო ეს კამათი და უმრავლესობამ ამას მისცა ხმა. კენჭისყრა იყო იმაზე, უნდა შეწყდეს თუ არა ეს ამათი. კამათის შეწყვეტა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ გააჩნია როგორ შეწყდება ეს კამათი, ხომ? 
საგანგებოდ მივედი მეუფე ანდრიასთან და ვთხოვე, რომ აუცილებლად დაეფიქსირებინა ის, რომ მე მაქვს განსხვავებული აზრი, რადგან მე ვაპირებდი და უკვე გავაკეთე ეს, რომ გავაგზავნე სინოდში წერილი. მეუფე ისაიამ არაჩვეულებრივად ჩამოაყალიბა ეს აზრი, რომ ეკლესიისთვის ფორმალობა არასდროს ყოფილა გადამწყვეტი. ბევრი არის ასეთი, ვინც ამ ფორმალური დიპლომის ნაცვლად, სისხლს და ოფლს ღვრიდა.

მე ვფიქრობ, რომ არ იყო ეს გადაწყვეტილება მართებული, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ სინოდის გადაწყვეტილებას ვემორჩილები". -  განაცხადა ეუფე ნიკოლოზმა "ფორმულასთან".

შეგახსენებთ, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს მიმართა, სადაც აღნიშნავს, მიმაჩნია, რომ ათწლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება არის ის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი

საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართული  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია - კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არ გააჩნია დებულებაში ცვლილებების შეტანისა და ინტერპრეტაციების დაშვების უფლებამოსილება