„მნიშვნელოვანია გავარჩიოთ სიმართლე და გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც იქნება სწორი. აბა დავფიქრდეთ, რა იქნებოდა, თუკი მივიღებდით გადაწყვეტილებას 3.2 მილიონ დოლარად ღირებულ მედიკამენტთან დაკავშირებით და რამდენიმე თვეში ცნობილი გახდებოდა, რომ მედიკამენტს აქვს ფატალური საფრთხე და ეფექტი არ აქვს?! -  მგონია, რომ ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხის გაცემა ბევრ კითხვას მოხსნის საზოგადოებაში.

ყველა ამ ნათქვამზე გვაქვს სრულიად უტყუარ წყაროზე, ავტორიტეტულ და ოფიციალურ (FDA, EMA, ბრიტანეთის, საფრანგეთის მარეგულირებლების ოფიციალური ვებგვერდები) წყაროზე დაყრდნობის შესაძლებლობა და შემიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეს ინფორმაცია მივაწოდო“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

მინისტრის განცხადებით, იმ პირებს, რომელთაც აქვთ საკითხის ობიექტურად გარკვევისა და კითხვებზე პასუხების მიღების რეალური ინტერესი, შეუძლიათ სამინისტროში შეხვედრა, სადაც მათ პირადად გაეცემათ ამომწურავი პასუხები აღნიშნულ საკითხებზე. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების პროცესი გრძელდება.

„შესწავლის პროცესი გრძელდება და რა დროსაც იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, ამ გადაწყვეტილებას არავინ დააყოვნებს.

ახლა მგონია ყველასთვის ნათელია, რომ თითოეულ ამ მედიკამენტზე გვჭირდება მუშაობის გაგრძელება და ამას ვაკეთებთ, გვაქვს ექსპერტებთან და სხვა სახელმწიფო მარეგულირებლებთან კომუნიკაცია. სპეციალისტები საუბრობენ, რომ რეაბილიტაციის სერვისები მედიკამენტებზე არანაკლებად მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტად, თუნდაც ერთი დღით გადაუვადდეს ბავშვს ეტლში ჩაჯდომა. ამ თემაზე მუშაობას, ბუნებრივია, მშობლების ერთ ნაწილთან განვაგრძობთ ახლაც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველასთან შევძლებთ ამის გაკეთებას. კარგი იქნება, რომ ეს მუშაობა ხორციელდებოდეს ყველა მშობლის ჩართულობით, მათთვის სამინისტროს კარი არასდროს დაგვიხურავს  და მომავალშიც იქნება ღია. თუმცა, მათ ამ კარში შემოსვლამდეც, ბუნებრივია, სამინისტრო განაგრძობს მუშაობას“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.