საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სესიაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის მიხედვით ორკვევა, რომ
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების, როგორც გამოყენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმების, სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში, 61+ ასაკის 312 მამრობითი და 821 მდედრობითი მსხვერპლია გამოვლენილი, ამასთანავე, 19 მდედრობითი 61+ ასაკის მსხვერპლია გამოვლენილი სქესის ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკით.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ხანდაზმულებს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, ოჯახში ძალადობისა და ოჯახში ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე 680 ქალი და 242 კაცი დაზარალებული ხანდაზმულია გამოვლენილი.
საანგარიშო პერიოდში, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, ხანდაზმულთა მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მხოლოდ 23 შეტყობინება შევიდა, ეს მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხანდაზმულების რაოდენობა 1133-ია.
გამოწვევას წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლ ხანდაზმულ პირებზე მორგებული დაცვისა და დახმარების ფსიქოსოციალური სერვისებისა და ცალკე, მიზნობრივი პროგრამების არარსებობა, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე. მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრობლემისადმი ყოვლისმომცველი მიდგომა, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ამასთანავე, სააგენტო ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ხანდაზმულებს მხოლოდ „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით" გათვალისწინებულ მომსახურებას სთავაზობს, რაც, ძირითადად, მსხვერპლის ძალადობის მსხვერპლთა ან სათემო დაწესებულებებში მოთავსებით შემოიფარგლება, და რაც სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეებითაც დასტურდება.
ოჯახში ძალადობის, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ისე სისხლისსამართლებრივი ძალადობის გამოსავლენად, ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციისათვის, უმნიშვნელოვანესია, რომ კომპეტენტური უწყებების კოორდინირებული მუშაობით, გაანალიზდეს ხანდაზმულთა მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტები და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. ასევე, დადგინდეს მყისიერი გამოწვევები და დაიგეგმოს, შემუშავდეს და ამოქმედდეს ძალადობის გამოვლენის, რეაგირებისა და პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები." - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. სრული ვერსია იხილეთ ბმულზე https://shorturl.at/CesTp