დღეს, აჭარის კულტურის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჭაოცინგის დელეგაციასთან.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საკითხები, ასევე ქობულეთში, ჩაქვში მდებარე ლაო ჯინჯაოს ყოფილი საცხოვრებელი აგარაკისა და ჭაოცინგის ლაო ჯინჯაოს ჩაის კულტურის ცენტრს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აქტიურად ახორციელებს ლაო ჯინჯაოს ყოფილი აგარაკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სადაც ცნობილი აგრონომის სახელობის მუზეუმი განთავსდება. მუზეუმის მოწყობაში თავის წვლილს შეიტანენ ასევე ლაო ჯინ ჯაოს შთამომავლები.
ვიზიტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ჭაოცინგის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. დელეგაციის წევრები მოინახულებენ პეტრას ციხე- სიმაგრეს, ძმები ნობელების და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმებს.
 
            
             
                         








