პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო წარადგინა, კითხვით მიმართა და აღნიშნა, რომ თუკი სხვა ქვეყნებში კანონი გამჭვირვალობასთან ერთად ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება, საქართველოში რაკი იგივე საჭიროება კანონის განმარტებით ბარათში არ ჩაიწერა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა იგივე გამოწვევის წინაშე არ დგას. 

„სახალხო დამცველმა თქვა, სხვა კანონებში შეიტანეთ ცვლილებები და ეს კანონი არ მიიღოთო. მან, პრაქტიკულად, აღიარა, რომ ეს კანონი არის საჭირო, მნიშვნელოვანი და კანონის მიზნები ლეგიტიმურია. რომელ კანონში შევიტანთ ამ ცვლილებებს და როგორ, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია და ბუნებრივია, ეს სახალხო დამცველის მანდატს სცილდება - მისი მხრიდან ლაპარაკი არ ყოფილა რაიმე დარღვევასა და უფლებების შეზღუდვაზე. 
მომხსენებელმა (გიორგი მსხილაძემ) ბრძანა, რომ ჩვენთან გამჭვირვალობა არის მიზანი, სხვაგან კი გამჭვირვალობა არის მიზნის მიღწევის საშუალება. ძალიან მაინტერესებს, როგორ ეწინააღმდეგება ეს ორი ერთმანეთს?! მაგალითად, საფრანგეთი ამბობს, რომ გამჭვირვალობის გზით უნდა იქნეს მიღწეული ქვეყნის უსაფრთხოება - თუ ჩვენთან უსაფრთხოება არ არის მიზანი, მაინცდამაინც განმარტებით ბარათში თუ არ ჩაიწერა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას უსაფრთხოების საკითხი არ უდგას.“ - აღნიშნა სუბარმა.

მან ასევე ისაუბრა სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ მსგავს კანონებზე და ამ კანონების მიზნებზე.

„როდესაც საფრანგეთი ამ კანონს იღებდა, საუბრობდა, როგორც მის მოწინააღმდეგე ქვეყნებზე, რომლებიდანაც შეიძლება საფრთხეები მოდიოდეს, ასევე მის სტრატეგიულ პარტნიორებზე, როგორიც არის მაგალითად აშშ, რომლის ინტერესები შეიძლება ხშირად არ ემთხვეოდეს საფრანგეთის კანონს. როდესაც ვსაუბრობთ, რამდენად მკაცრი არის რომელიმე ქვეყნის კანონი, ჩემმა კოლეგებმა ახსენეს ფრანგული კანონი, რომელიც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ბრიტანული - 15 წლამდე, რუსული - 6 წლამდე პატიმრობას და თურქეთი კიდევ უფრო მკაცრია. იგივე ფრანგული კანონი, რომელიც ახლა იქნა მიღებული, ყველა ანგარიშის დაყადაღებას გულისხმობს, როგორც ფიზიკური პირის, ისე იურიდიული პირისაც, რომლის მიმართაც შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს ფრანგულ სახელმწიფოს და უსაფრთხოების სამსახურს უფლებას აძლევს, მრავალი წლის განმავლობაში, მოსმენაზე დასვან ის პირები, რომლებზეც ამ კანონიდან გამომდინარე შეიძლება რაიმე ეჭვი გაუჩნდეთ. ბუნებრივია, ქართული კანონი მსგავსს არაფერს ითვალისწინებს. 

როდესაც ლაპარაკი იყო რუსეთის მაგალითზე, რომ ქუჩაში ხვრეტენ ადამიანებს, დიახ, ჩვენ გვახსოვს ქუჩაში დახვრეტილი ადამიანები - გვახსოვს ვაზაგაშვილის დახვრეტა, გვახსოვს ხუბულოვის დახვრეტა, გვახსოვს თეთრაძის საქმე - რა ხდებოდა ციხეში. ასევე, კარგად ვხედავთ, რასაც აკეთებს ამათი ერთ-ერთი ბელადი - როგორ აგრძელებს უჩა აბაშიძე იმას, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ. ჩვენ შორს ვართ მსგავსი ქმედებებისგან და მსგავსი მიზნებისგან. 


ამ კანონის მიზანი არის გამჭვირვალობა, რათა ვიცოდეთ, ვინ რა პროექტებს აფინანსებს და ვინ არიან ის ბენეფიციარები, რომლებიც ამ უცხოური ფულით გარკვეულ მიზნებს ისახავენ ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მაინტერესებს - თქვენ რაც თქვით, რომ სხვაგან მიზანი არ არის გამჭვირვალობა, რატომ უშლის ხელს გამჭვირვალობა ამავდროულად იმ სხვა საფრთხეების აღმოფხვრას, რაც ქვეყანაში გამოიკვეთება. 

არგუმენტირებული შენიშვნები პრეზიდენტმა ვერ გამოგზავნა, რადგან ამ კანონის წინააღმდეგ ასეთი არგუმენტები არ არსებობს. რაც გამოგზავნა, ეს არის სამარცხვინო იურიდიული პრაქტიკის თვალსაზრისითაც და კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისითაც. იმის ნაცვლად, რომ ეს ტრიბუნა არგუმენტებზე სასაუბროდ გამოგეყენებინათ, ისარგებლეთ ამ ტრიბუნით შეურაცხყოფისთვის. ამ შეურაცხყოფას ვერ მივიღებთ იმ სამარცხვინო ადამიანისგან (სალომე ზურაბიშვილი), რომელსაც ოპოზიცია, რომელიც დღეს ამ დარბაზში ზის, წლების განმავლობაში რუსეთის მავნებელ რეზიდენტს უწოდებდა. ეს ადამიანი დარჩა მავნებელ რეზიდენტად (არ ვიცი, რომელი ქვეყნის) და ცდილობს, ქართული სახელმწიფო დააზიანოს და თქვენ, პიროვნულად, ნუ გაყვებით მას ამ მავნელობაში.“ - განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც  პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".

ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.

შეგახსენებთ,  საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია

2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.

"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა. 

84 მომხრე - 30 წინააღმდეგი  დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო.  რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება

ვენეციის კომისია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს

 ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.