საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით დღეს ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე მსვლელობა გაიმართა.

მსვლელობის დაწყებამდე მოქალაქეები ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან შეიკრიბნენ, სადაც მსვლელობის მონაწილეებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) მიმართა.

მსვლელობაში მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობები გაიმართა რეგიონებშიც, კერძოდ, ათ დიდ ქალაქში.

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს გამოცხადდა და მას შემდეგ აღინიშნება.