კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნი მოამზადეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა.

წიგნი შეიქმნა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ გამოცემული „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის“ ხუთი წიგნის საფუძველზე, რომლებიც ეძღვნება კახეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლებს. წიგნში ასევე შესულია თუშეთის არქიტექტურული ძეგლები. გამოცემაში მიმოხილულია 1 235 ხუროთმოძღვრული ძეგლი და მოცემულია ისტორიული ცნობები 70 დასახლებული პუნქტის შესახებ.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გამოცემის ავტორმა თამაზ დვალმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.

კულტურის მინისტრმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა გამოცემის ავტორებს, სარედაქციო ჯგუფს და წიგნის მომზადებაში ჩართულ  მეცნიერებს.

„კულტურის სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს ჩვენი მემკვიდრეობის მეტ კვლევას, რადგან ეს არის მსოფლიოსთვის ნამდვილად ძალიან საინტერესო, ის რაც ჩვენს უძველეს კულტურას  უსვამს ხაზს. ჩვენ ვეცდებით ხელი შევუწყოთ პროფესიული ზრდის პროცესს და მყარ საფუძველზე დავაყენოთ ბევრი მეცნიერი და ხელოვნებათმცოდნე. ამავე დროს, მხარს დავუჭერთ მსგავს საგამომცემლო ინიციატივებს, რომლებიც ამ სფეროს განვითარებასა და პოპულარიზაციას ემსახურება“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

პრეზენტაციას საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, მეცნიერებათა აკადემიის და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თამაზ დვალის ავტორობით და დიზაინით გამოცემული წიგნი, რომელსაც ერთვის მრავალრიცხოვანი გრაფიკული ილუსტრაცია (ანაზომები, ნახაზები) და ფოტოსურათი,  საინტერესო იქნება  როგორც მკვლევართათვის, ისე ხელოვნებითა და ისტორიით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.