ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკალური წარმოდგენის - „ოცნება თუ სინამდვილე“ - პრემიერა გაიმართა, რომელიც გამოჩენილი ქართველი ავტორ-შემსრულებლის, მუსიკოსის, პოეტისა და მთარგმნელის, ინოლა გურგულიას ამავე სახელწოდების კინოსცენარის მოტივებზე შეიქმნა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.სპექტაკლი ინოლა გურგულიას დაბადებიდან 95-ე წლისთავს მიეძღვნა.„ოცნება თუ სინამდვილე“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის - „საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების სადადგმო/სხვა ხარჯით ხელშეწყობა“ - გამარჯვებული პროექტია.პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია, კომპოზიტორის ქალიშვილი, მსახიობი და მომღერალი ია შუღლიაშვილი, დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორია დიმიტრი ხვთისიაშვილი, მხატვარი - ნინო ჩიტაიშვილი, ქორეოგრაფი - გია მარღანია, სპექტაკლის ანიმაცია ინოლა გურგულიას ესეს „ზღაპრის“ მიხედვით ანდრია მაისაშვილმა შექმნა. სიმღერების საორკესტრო ვერსიების ავტორია მუსიკოსი თემურ მაისაშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობენ როგორც მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები, ისე ბავშვები, მათ შორის, ინოლა გურგულიას შთამომავლები.„ოცნება თუ სინამდვილე“ სიყვარულის, კაცთმოყვარეობის, სიკეთისა და რწმენის უკვდავებას გამოხატავს და წარმოაჩენს იმ მარადიულ ღირებულებებს, რომელთაც საკუთარი ცხოვრებითა და შემოქმედებით უერთგულა ყველასათვის საყვარელმა და გამორჩეულმა ხელოვანმა ინოლა გურგულიამ.სპექტაკლში ცოცხლად შესრულდა კომპოზიტორის 22 ნაწარმოები: „სიზმარია“, „მინდა ნავი“, „უშენოდ“, „ატმის ვარდისფერ რტოებს“, „შენთან“, „შენს თვალებს მწუხრი შემოპარვია“, „რწმენა“, „ოდელია-დელა“, „საქანელა“, „იმ ღამეს თოვდა“ და სხვა. მუსიკალურ წარმოდგენაზე გაიჟღერა თავად კომპოზიტორის მიერ შესრულებულმა სიმღერებმაც: „ადამიანი“, „სიყვარული დამათრობს“, „აი და რარიგ გიხდება“ და სხვა.„ოცნება თუ სინამდვილე“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 16 და 22 დეკემბერსაც გათამაშდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენა მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარში დარჩება.პრემიერის დღეს თეატრის ფოიეში გაიხსნა გამოფენა. პროექტი კულტურის სამინისტროს კონკურსში - „სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დრამატულ თეატრებში“ - გამარჯვების შედეგად განხორციელდა. გამოფენაზე წარმოდგენილია გასული საუკუნის 30-იანი წლების აღდგენილი აფიშები და ცნობილ სცენოგრაფთა ესკიზები, რომლებიც თეატრის სამუზეუმო ექსპონატებია და მათი რესტავრაცია სწორედ ზემოხსენებული პროექტის წყალობით გახდა შესაძლებელი.