მე, როგორც უბრალოდ ამ საზოგადოების წევრს, ნამდვილად მაწუხებს ეს პრობლემა, რომ ხშირ შემთხვევაში გავმხდარვარ მომსწრე, როგორ ხდება ძალიან ცუდი იდეების ტირაჟირება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ლიბერალურმა მიდგომებმა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით გამოიწვია გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით.
„ცუდის იმიტომ ვამბობ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს, შეიძლება, დამანგრეველი ეფექტის მქონე იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის. მერწმუნეთ, აქ იმდენად აღვირახსნილი გახდა, მაგალითად, იმ იდეის ტირაჟირება, თითქოსდა ნარკოტიკები უნდა იყოს აბსოლუტურად და მარტივად ხელმისაწვდომი და ა.შ., ამას ლიბერალურსაც ვეღარ დავარქმევდი. სინამდვილეში, ეს არის მართლაც ფსევდოლიბერალური მიდგომა და მიდგომა, რომლის მიხედვითაც, შეიძლება, უზარმაზარი რისკები, საფრთხეები ჩნდებოდეს საზოგადოებისთვის.
სამწუხაროდ, ეს არ არის მოგონილი თემა, როდესაც ლოიალურ მიდგომებს ქადაგებს არაერთი ადამიანი, არაერთი ორგანიზაცია, რომელთათვისც თუნდაც ნარკომომხმარებლის ინტერესის თუ უფლების დაცვა რაღაცნაირი ფეტიშის საგანი ხდება და თვლიან, რომ ამ შემთხვევაში მთელმა საზოგადოებამ თავი უნდა შეიწუხოს იმ ადამიანის სურვილის დაკმაყოფილებისთვის, რომელი ადამიანის სურვილიც ამ შემთხვევაში გულისხმობს ნარკოტიკის მოხმარებას. ეს ასე არ შეიძლება იყოს უბრალოდ და, ბუნებრივია, როგორც იმ ადამიანის უფლებას სჭირდება დაცვა – და ნამდვილად სჭირდება – ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვას არავის დედამიწის ზურგზე უფლება არ აქვს. ასეთი მიდგომა არ ივარგებს. ასეთი თეორიები, მიდგომები არის და ეს არ არის ნამდვილად კონსპირაციები, შეთხზული თეორიები, ეს რეალობაა, რაც, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ძალიან ბევრი მანკიერების მომტანი ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ საჭიროა ამის გასწორება, ამის საპირისპიროდ რაკურსის შეტრიალება და თქმა იმისა, რომ არ გამოდგა, არ გაამართლა ამ ლიბერალურმა მიდგომებმა და აუცილებელია მეტი სიხისტე, ბუნებრივია, ამას აბსოლუტურად ვეთანხმები. მე ვფიქრობ, ეს იქნება მართებული გადაწყვეტა საკითხის. მომავალში, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება ძალიან სწრაფად რეზულტატები, რომლითაც შეგვეძლება, უკვე მტკიცებულებით ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. მანამდე კი გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს იყო დაშვებული შეცდომები, როდესაც ხშირ შემთხვევაში ლიბერალიზაციამ გამოიწვია გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით. ვგულიხმობ ლიბერალურ მიდგომებს ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.