კონტროლის გამკაცრებაში იგულისხმება ის, რომ ნებისმიერ დევიაციაზე, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე და ნებისმიერ გადახვევაზე იმისგან, რაც არის ნორმალური პროცესი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ფართოდ გახელილი თვალებით უნდა უყურებდეს პროცესს, ლუპით უნდა აკვირდებოდეს და სადაც გადაიხრება, სადაც დევიაციას ადგილი ექნება, ბუნებრივია, ამის შესაძლებლობა არ უნდა გააჩინოს, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა იგულისხმება კონტროლის გამკაცრებაში, რა ფორმით მოხდება კონტროლი და ვინ იქნება აღსრულებაზე პასუხისმგებელი, რადგან, როგორც ითქვა, მეთადონის და ბუპრენოფინის პრეპარატებით ჩანაცვლების პროგრამები მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში იმოქმედებს, სადაც კონტროლის გამკაცრება იგეგმება.
„კონტროლისთვის აუცილებელია ინფორმაციაზე წვდომა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ, რა თქმა უნდა, ანალიტიკური შესაძლებლობა არსებობდეს. როდესაც ხედავ, რომ, მაგალითად, ფსიქოტროპული ნივთიერების გამოწერისას რომელიმე ექიმი, შეიძლება, ბოროტად იყენებდეს საკუთარ კომპეტენციას თუნდაც რეცეპტის გამოწერისას, დიდ სიმრავლეს ქმნიდეს, არასწორი დანიშნულებით იყენებდეს, ბუნებრივია, ამის სივრცე არ უნდა დარჩეს. თუ, მაგალითად, რომელიმე კლინიკის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ არასწორი პრაქტიკაა, როდესაც ხორციელდება არასაჭირო შემთხვევაში, მაგალითად, დიაზეპამის რეცეპტის გამოწერა ან, მაგალითად, დიდი რაოდენობით გამოწერა ხდება, ბუნებრივია, ასეთ მონაცემებზე სახელმწიფო ამას დააკვირდება და რეაგირებაც იქნება შესაბამისი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, არსებობს ფსიქოტროპული ნივთიერება, რომელსაც ადამიანს უწერენ, ვთქვათ, ფსიქიკური აშლილობის მომენტში და ეს დამშვიდებისთვის არის აუცილებელი, ვისაც ეს სჭირდება და ფსიქიატრიულად რეკომენდებულია, ბუნებრივია, მას კვლავაც ექნება ხელმისაწვდომობა ამ მედიკამენტთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს რისკი.
„არსებობს რისკი, რომ, შეიძლება, რომელიმე ადამიანს გაბრუების მიზნით, გაბრუების სურვილით უწერენ იმავე მედიკამენტს და არა იმისთვის, რომ მას აქვს ფსიქიკური აშლილობა და სურვილი აქვს, დამშვიდდეს. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთი არასწორი პრაქტიკების წინააღმდეგ ვიქნებით და ასეთი არასწორი პრაქტიკის გავრცელებას მაქსიმალურად ხელს შევუშლით. ეს როგორ შეიძლება დგინდებოდეს? ბევრი ინდიკატორი შეიძლება იყოს ამის დასადგენად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.