პირველადი ჯანდაცვა საზოგადოდ, ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია, ეს არის პირველი სტრუქტურა, რომელსაც ხვდება პაციენტი და ეს არის სტრუქტურა, რომელმაც რეალურად, ყველაზე მეტად უნდა მოახდინოს სწორი ნავიგაცია იმ დიდ სივრცეში, რომელსაც ჰქვია ჯანდაცვის სისტემა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სხვათა შორის, ყოველთვის რაღაც მეტ ყურადღებას იქცევს ხოლმე სადღაც ტრავმატოლოგია, სადღაც ონკოლოგია დ ა.შ. და ამ დროს, პირველადი ჯანდაცვა როგორი რამეა, იცით? ეს არის პირველი სტრუქტურა, რომელსაც ხვდება პაციენტი, ეს არის სტრუქტურა, რომელმაც რეალურად, ყველაზე მეტად უნდა მოახდინოს სწორი ნავიგაცია იმ დიდ სივრცეში, რომელსაც ჰქვია ჯანდაცვის სისტემა. ბუნებრივია, ყველა პაციენტი არ არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, მას რა კონკრეტული საჭიროება აქვს, რომელი ექიმია მისთვის რელევანტური, როდის აუცილებელია, რომ ის მივიდეს ექიმთან, როდის ჰოსპიტალში, როდის ამბულატორიაში და ა.შ. რთულია ეს ნავიგაცია და ამიტომ, პირველი რგოლი პირველადი კომპასია პრაქტიკულად პაციენტისთვის, როგორ უნდა მიიღოს ის სერვისი, რომელიც ესაჭიროება კონკრეტულ პაციენტს. რაც ყველაზე მთავარია, მნიშვნელოვანია პირველადი რჩევები, რომელიც დააზღვევს არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს, მაგალითისთვის, ყველაზე მარტივი რამ რომ ვთქვათ, წნევა ვისაც აწუხებს, როგორ უნდა იმკურნალოს, რომ არ გადაიზარდოს ეს გართულებულ მდგომარეობაში, რომელსაც სჭირდება ჰოსპიტალური რაღაც რთული ჩარევა. ეს ყველასთვის საინტერესოა და სასიამოვნო პროცესია. იმიტომ, რომ პაციენტი უზრუნველყოფს, რომ მას არ გაურთულდეს რაღაც მდგომარეობა და მეორე მხრივ, სახელმწიფოსთვის ეს არის თუნდაც, გართულებული შემთხვევების მართვაზე დიდი, გაზრდილი დანახარჯების თავიდან არიდების კარგი შესაძლებლობა. ამიტომ, ეს პირველადი ჯანდაცვის რგოლი ამ თვალსაზრისით არის, რომელსაც ხშირად ოჯახის ექიმს ეძახიან, ჩვენ გვაქვს ქსელი მაგალითად, სოფლის ექიმების; აი, ეს არის ეს სისტემა. ამ ხალხის მთავარი ფუნქცია არის, საკუთარი რჩევებით, მართვით, ელემენტარულად, წნევის გაზომვით, გარკვეულ მონაცემებზე დაკვირვებით, ანამნეზის შეკრებით უზრუნველყოს, რომ არ გართულდეს დაავადებები და პაციენტს არ გაურთულდეს მდგომარეობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით აქ ინვესტირება არის განსაკუთრეით მნიშვნელოვანი და ასეც დაიგეგმა.

„ბოლოს, როდესაც დაიწყო ეს რეფორმა, ჩვენ პილოტირების რეჟიმში ვიმყოფებით ახლა, ვიწყებთ ამ პროცესს და წლის ბოლომდე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, შთამბეჭდავი რეზულტატები გვექნება. შთამბეჭდავი იმ თვალსაზრისით, რომ სრულყოფილი მონაცემები გვექნება, რათა სწორად დაიგეგმოს მომდევნო ნაბიჯები. გეგმა ასეთია, დაახლოებით, 110 მილიონია დანახარჯი, რომელსაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დამატებით ამ რგოლზე გაწევს სახელმწიფო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ამ 110 მილიონის დამატებით დახარჯვის შემთხვევაში სახელმწიფო რეალურად, პაციენტების კეთილდღეობის მიღწევით დაზოგავს დაახლოებით, 160 მილიონამდე ლარის დანახარჯს.

„ასეთია დღევანდელი გადასახედიდან რომ შევხედოთ ამ რეფორმის დადებითი მხარე, რომელსაც სახელმწიფო მიიღებს და ეს არის შესანიშნავი რამ. იმიტომ, რომ დაახლოებით, 50 მილიონი ლარის სხვა საჭიროებებზე დახარჯვის შესაძლებლობა გაუჩნდება სახელმწიფოს. ამიტომ, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ, საკმაოდ ამბიციური რეფორმა, რომელიც წამოვიწყეთ და დიდი იმედი მაქვს, ამბიციურთან ერთად ეს იქნება ძალიან სწრაფად წარმატების მომტანი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 შეკითხვაზე, რაშედეგებზეა გათვლილი პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში პაციენტის ასაკის მიხედვით დაფინანსების ცვლილება, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ეს დიფერენცირებული მიდგომა შემოღებული იქნა იმისთვის, რათა მაქსიმალურად ინდივიდუალიზებული იყოს პაციენტების საჭიროებაზე.

„მაგალითად, ხუთ წლამდე ბავშვზე მეთვალყურეობა უფრო აქტუალურია,  უფრო აქტიურად არის წარსამართი, ვიდრე ვთქვათ, 20 წლის ადამიანზე. სტატისტიკური მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ, დიახ, ეს ასეა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ექიმის, ან ექთნის და ა.შ. შრომა მოითხოვს რელევანტურად ამ ყველაფრის დაფინანსებას. საშუალო მაჩვენებლები, რაც იქნა აღებული, სწორედ ამის მიხედვით იქნა გამოთვლილი. მაგალითად, პენსიონერს მეტი ყურადღება სჭირდება და აქედან გამომდინარე, პენსიონერის მომსახურებაზე იქნება უფრო მეტი ანაზღაურებაა გათვალისწინებული, ვიდრე მაგალითად, ჩემი ასაკის ადამიანისთვის შეიძლება, იყოს საჭირო. ეს მიდგომა არის აბსოლუტურად სწორი. ამ შემთხვევაში ჩვენ ველოსიპედი ნამდვილად არ გამოგვიგონებია. ეს, ასეთი მიდგომების არსებობა, არის არაერთ წარმატებულ ჯანდაცვის სისტემაში აპრობირებული პრაქტიკა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.