საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორ მედეა კუჭუხიძის გარდაცვალების გამო.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია ნათქვამი, მედეა კუჭუხიძე ქართველ რეჟისორთა იმ გამორჩეული თაობის წარმომადგენელი იყო, რომელმაც მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პოზიციით, სასცენო ხელოვნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით შეინარჩუნა და განავითარა ქართული თეატრისა და პროფესიული რეჟისურის საუკეთესო ტენდენციები.
„მედეა კუჭუხიძემ მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე 80-ამდე სპექტაკლი შექმნა რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის, სოხუმის, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრების სცენებზე. რეჟისორის შემოქმედებითი საქმიანობის მნიშვნელოვანი პერიოდი უკავშირდება კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრს, სადაც იგი 1964 წლიდან 2008 წლამდე მოღვაწეობდა. ამ თეატრში სხვადასხვა დროს დადგმული სპექტაკლებით (მონძაემონ ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“, ლალი როსებას „პროვინციული ამბავი“ და „პრემიერა“, ლევ ტოლსტოის „ანა კარენინა“, ნ. ლორთქიფანიძის „ჟამთა სიავე“, ა. აფინოგენოვის „შიში“, ლ. თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“, ჯ. იოსელიანის „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“, პ. კაკაბაძის „სამი ასული“ და „პორტოპოლოს ტუსაღები“, რ. კლდიაშვილის „საპოვნელა“ და სხვ.) მედეა კუჭუხიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მარჯანიშვილის თეატრის შემოქმედებითი სახის ფორმირებასა და ქართული თეატრის განვითარებაში. მისი სპექტაკლები წარმატებით მონაწილეობდა მარჯანიშვილის თეატრის საგასტროლო ტურნეებში მთელ მსოფლიოში.
მედეა კუჭუხიძე რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან აღზარდა მსახიობთა და რეჟისორთა არაერთი თაობა. მედეა კუჭუხიძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი“, – ნათქვამია წერილში.
საქართველოს კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს მედეა კუჭუხიძის მიერ კულტურის განვითარებაში შეტანილ წვლილს და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.